უაკ 551.583
ქვემო ქართლის რეგიონში ტემპერატურის და ნალექების სივრცე-დროითი განაწილების კლიმატური კანონზომიერებანი. ელიზბარაშვილი ე., ფიფია მ., ელიზბარაშვილი შ., ბეგლარაშვილი ნ., დიასამიძე ც., სამუკაშვილი რ., ჭელიძე ნ., შავიშვილი ნ./ სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული - 2025. ტ.136. გვ. 38-45. ქართ., რეზ. ქართ., ინგლ., რუს.
გამოკვლეულია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ტემპერატურის და ნალექების სივრცე-დროითი განაწილების კლიმატური კანონზომიერებანი. შეფასებულია ტემპერატურის და ნალექების სიმაღლით ცვლილების გრადიენტები, დადგენილია ტემპერატურის ზრდასთან ერთად ნალექთა ჯამების კლების ტენდენცია. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ტემპერატურის განაწილებას კონტრასტული ხასიათი აქვს. ყველაზე ცივი თვე იანვარია, ყველაზე თბილი თვეები ივლისი-აგვისტოა. ყველაზე მაღალი ტემპერატურები ბოლნისსა და გარდაბანში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა - წალკაში, ამრიგად, ტემპერატურის ცვლილების მთავარი ფაქტორი რეგიონში ადგილის სიმაღლეა.
რეგიონი საერთოდ არ ხასიათდება ბევრი ნალექით. წლის განმავლობაში უდიდესი ნალექი მთიან ზონაში მოდის (თეთრიწყარო, წალკა, მანგლისი), სადაც ნალექების ჯამი აღემატება 700 მმ-ს, უმცირესი ნალექი კი დაბლობში მოდის (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი), სადაც ნალექების ჯამი დაახლოებით 400-500 მმ-ია. წლიურ სვლაში მათი მაქსიმუმი გაზაფხულზე, ან ზაფხულში აღინიშნება, ხოლო უმცირესი ნალექი უმთავრესად ზამთარში მოდის.